სამადაშვილის თქმით, გუშინ საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გუშინ საღამოს მას საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი შეირაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, მან ჩვენება ვაკის პოლიციაში მისცა და პირის ვინაობის დადგენას ითხოვს.

„ჩემი სახლის წინ „მთავარი არხის” ჟურნალისტი იწერდა ინტერვიუს. ლუიც საღამოს გასეირნებისთვის ემზადებოდა. მაგრამ ვაკის პოლიციაში ამოყო თავი, ჩემთან ერთად. როდესაც უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დაგვესხა, იგნორირება ვცადეთ, არ გაჩერდა. ბოლოს კამერით გაეიკიდნენ, გაიქცა.

მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, დღემდე. ცენტრალური ქუჩა არაა, შემთხვევით არავინ სეირნობს აქ. მადლობა საპატრულო პოლიციის ვაკის განყოფილებას ოპერატიული რეაგირებისთვის. თუმცა, დიდი იმედი, ცხადია, არ მაქვს, რომ ისეთივე მყისიერ სვლას მისცემს ამ საქმის გამოძიებას სამართალდამცავი სისტემა, როგორც ანრი ოხანაშვილზე განხორციელებულ ვერბალურ თავდასხმას. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მმართველი პოლიტიკური ძალა, თავად არის პოლიტიკური შევიწროვების და ძალადობის ორგანიზატორი. ეს არის უბედურება, თორემ პოლიტიკოსები ყველგან ხდებიან თავდასხმის ობიექტი. დასრულდება ეს ყველაფერი, საკუთარ სახლთან და ჩვენს ქუჩებში, ყველა თანაბრად დაცულად იგრძნობს თავს”, – წერს სამადაშვილი facebook-ზე.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება არ დაწყება.