პარტია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებას, სადაც ქარტია ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა. „ოცნების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებას, რომლის მიხედვით, თითქოს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 20 ივლისის გამოსვლაში, მედიის საქმიანობა 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებს შეადარა.
აღნიშნული განცხადება არის სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება.
განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში“.
აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“.
ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ამავე განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება მედიის მიმართ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკისა და დამოკიდებულების გამო. მოვითხოვთ განმარტებას, რის საფუძველზე ამოიკითხა ორგანიზაციამ აგრესიული რიტორიკა კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში?
ციტატა გამოსვლიდან: „როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა”.
იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან გამოთქმული არცერთი ბრალდება არ დასტურდება ფაქტებით, მოვუწოდებთ ქარტიას, გააკეთოს განმარტება დაუსაბუთებელ ბრალდებებზე.
ასევე, ვურჩევთ, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს, ვინაიდან ყოველი მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს დემოკრატიულ პროცესებს.
მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდება უარყოფითად აისახება არამარტო საარჩევნო პროცესზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და შუღლის დათესვას“, – ვკითხულობთ „ოცნების“ განცხადებაში.
გუშინ, 20 ივლისს კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კალაძემ 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ:
„რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა…
არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენს საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.