„სამარცხვინო სასამართლო გვყავს“ - სანაია მასზე თავდამსხმელების პატიმრობიდან გათავისუფლებაზე

პუბლიკა

„სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლე, რომელმაც სპეციალურად აქამდე მიიყვანა საქმე – თავდასხმის საქმე ჟურნალისტზე, ჩვენს ოჯახზე – ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამ დაუსჯელობის სინდრომმა მოიტანა 5 ივლისი და ჩვენი კოლეგის მკვლელობა“, – ასე აფასებს „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

ვახო სანაიაზე სამივე თავდამსხმელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა სამივე მათგანი პატიმრობიდან თავისუფლდება, ვინაიდან ინციდენტის შემდეგ ისინი ბრალდებულების სტატუსით წინასწარ პატიმრობაში 6 თვე უკვე იმყოფებოდნენ.

„ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, გამართლდა სრულად – ივლისში შეეძლო [მოსამართლეს] გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელა [სასამართლო პროცესი] იმიტომ, რომ 25-ში 6 თვეა გასული [ინციდენტიდან] და სწორედ 6 თვე მიუსაჯა – დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა“, – აღნიშნა სანაიამ სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ.

როგორც სანაია ამბობს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია.

„ამ სასამართლოსგან რას უნდა ელოდებოდე საერთოდ?! აი ხელისუფლებამ დღეს რომ გამოუშვა ეს დამნაშავეები, ეს იქნება მაგალითი და გადამდები სხვებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება – დაუსჯელობის სინდრომი. ეს მოძალადეები, გიგაურის ოჯახი, ახლა სჭირდებათ არჩევნებზე, იმიტომ, რომ არის გეგა გეგეშიძის ოჯახის წევრი, კორცხელის ცნობილი ამბების მონაწილეთა ოჯახის წევრი…

სასარგებლო შრომა დააკისრა [მოსამართლემ ბრალდებულებს]. რა სასარგებლო შრომა უნდა შეასრულონ მათ?! ვნახეთ მათი სასარგებლო შრომა. მოკლედ, სამარცხვინო სასამართლო გვაქვს. ეს მინდა ვთქვა და ამ მოსამართლემ, რომელსაც აბარებენ ხოლმე მნიშვნელოვან საქმეებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, გაამართლა სრულად აი ამ სასამართლოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება და საზოგადოების დამოკიდებულება“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ვახო სანაია, რომ პროკურატურა გაასაჩივრებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, პასუხობს:

„პროკურატურა, სასამართლო – ერთი სისტემაა. რა მნიშვნელობა აქვს, რას გაასაჩივრებს. მთელი ამბავი არის ის, რომ ამ ერთიანმა სისტემამ და ხელისუფლებამ ეს ხალხი, მოძალადეები გამოუშვა გარეთ“, – აღნიშნა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „სირცხვილია“ და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ .