სამარცხვინო სპეკულაციაა. ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის ყველა სახელმწიფო - პრემიერი ირანში ვიზიტზე

პუბლიკა

„ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, უქმნიდა თუ არა უხერხულობას ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოფნა.

 „მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა. რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერი-მინისტრი. რეგიონი თავიდან ბოლომდე იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, უქმნის თუ არა „ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერების გვერდით დგომა“ უხერხულობას, კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: „თქვენც ხომ ხვდებით, რომ ეს მარტივი სპეკულაციაა… იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი, რა გიპასუხოთ“.

გუშინ, 30 ივლისს ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.