სამარცხვინოა ასეთი აბსურდული სიტყვები ვიოლა ფონ კრამონის მიმართ - ლექსმანი ვოლსკის

პუბლიკა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ეხმაურება გიორგი ვოლსკის მიერ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ გაკეთებულ შეფასებას, რომ თითქოს ევროპარლამენტარი სადისტურ მოქმედებებს უჭერს მხარს და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს.

ლექსმანი წერს, რომ ასეთი შეფასება ვიოლა ფონ კრამონის მიმართ, რომელიც ეხმარება ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისთვის, სამარცხვინოა.

„ასეთი აბსურდული სიტყვების გამოყენება ვიოლა ფონ კრამონის მიმართ, რომელიც ამდენ დროსა და ენერგიას უთმობს ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას, სრულიად სამარცხვინოა“, – წერს მირიამ ლექსმანი Twitter-ზე და თან ურთავს ვოლსკის ციტატას.


პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ კომენტარი 2 აპრილს გააკეთა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს წინაარმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს და საქართველოში დასავლეთის პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის იმყოფებოდა.

ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა.

ყველაფერი ნათელი გახდა. ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“, – განაცხადა მან.