სამართალდამცავ ორგანოებში ოპერატიული საქმიანობა დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება - EMC

პუბლიკა

ოპერატიული საქმიანობა არ შეესაბამება საპოლიციო საქმიანობის დემოკრატიულ მექანიზმებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, – ,,ოპერატიული საქმიანობა სამართალდამცავ ორგანოებში“ – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კვლევის პრეზენტაცია გამართა.

მათი თქმით, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზმა გამოკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რაც სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიულ საქმიანობას ახლავს:

– ცალკეული ცვლილების მიუხედავად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონი კვლავ შეიცავს იმგვარ ღონისძიებებს, რომლებიც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის მაღალი რისკით ხასიათდება და სასამართლოს შესაბამისი ნებართვის გარეშე ხორციელდება;

– „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონით, ოპერატიული საქმიანობისას საზოგადოებისგან საჭირო ინფორმაციის „ამოღება“ მარტივად, საპროცესო ვალდებულებების გარეშე ხდება, რაც პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას იწვევს;

– ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, კანონმდებლობით არ არის დაზღვეული დანაშაულის პროვოცირების რისკები;

– სამართალდამცავი ორგანოები, ოპერატიული საქამიანობის განხორციელებისას აქტიურად იყენებენ ინფორმანტების ე.წ. კონფიდენტების მექანიზმს. კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს კონფიდენტის საქმიანობას;

– ოპერატიული უფლებამოსილება თითქმის ყველა საგამოძიებო ორგანოს და ძალოვან უწყებას აქვს. მათ შორის, ორგანოებს, რომელთა საქმიანობის სპეციფიკა არ არის აპრიორი დაკავშირებული საგამოძიებო, ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებთან;

– შესაბამის ორგანოებში საგამოძიებო და ოპერატიული უფლებამოსილებები ცხადად გამიჯნული არ არის არც სტრუქტურულ და არც თანამდებობრივ დონეზე, რაც იწვევს უფლებამოსილების აღრევას და კომპეტენციათა დუბლიერებას;

– კანონმდებლობა არ იცნობს ოპერატიულ საქმიანობაზე გარეშე კონტროლის შესაძლებლობას. ამასთან, სუსტია საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის მექანიზმები და მათ ძირითადად ფიქციური ხასიათი აქვთ.

EMC-ის თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ დროულად დაიწყოს მსჯელობა ოპერატიული საქმიანობის ძირეულ რეფორმაზე და გადადგას ნაბიჯები, სამართალდამცავ სისტემაში ოპერატიული მოქმედებების, საპოლიციო საქმიანობის დემოკრატიული მექანიზმებით ჩანაცვლებისთვის.

მათივე რეკომენდაციით, კანონმდებლობით უნდა შეიქმნას ოპერატიულ საქმიანობაზე ზედამხედველობის მყარი გარანტიები. ოპერატიულ საქმიანობაზე კონტროლის ქმედითი მექანიზმი მხოლოდ ღონისძიების განმახორციელებელი უწყების ფარგლებში არ უნდა იყოს მოქცეული.