სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილეს.
საქმე #1
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ.ბათუმში მოქალაქის უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ძალადობის ჩადენის ფაქტზე, 2023 წლის 8 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსმა დეტექტივმა გ. ა.-მ, ქ. ბათუმში, წერეთლის ქუჩა №4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოსდა პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, უკანონოდ დააკავა და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანა მოქალაქე გ.ბ., რომელსაც ამავე განყოფილებაში, მისთვის სასურველი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება) და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, “- ნათქვამია ინფორმაციში.
საქმე #2
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2023 წლის 17 იანვარს, დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დ.ჭ., რომელმაც 2022 წლის მაისისა და ივნისის თვეებში, ქალაქ ზუგდიდში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს. ასევე, დაზარალებულს და ცოლის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის (ოჯახში ძალადობა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111-151-ე (მუქარა) მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარუდგინა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე #3
დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ხ.ლ., რომელმაც 2022 წლის დეკემბერში, მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„ამასთან, სამართალდამცავი დაზარალებულთან სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და უკანონოდ უთვალთვალებდა, რაც ამ უკანასკნელის გადაადგილების კონტროლში გამოიხატებოდა. მითითებული ქმედებების შედეგად, დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
საქართველოს პროკურატურამ, 2023 წლის 20 მარტს აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილით და 151′-ე მუხლის (ადევნება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდა და მოხდა მისი თანამდებობიდან გადაყენება, “- ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.