პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, მშვიდობიანი აქციების არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლა; სამართალდამცველთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისას – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია The Human Right Watch თავის ანგარიშში საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ზემოაღნიშნულ საკითხებზე ამახვილებს.
სამართალდამცველთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე
20 ივნისის ღამეს პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ.
The Human Right Watch წერს, რომ მომხდარზე ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა.
„აქციის დროს ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რა დროსაც პოლიციას აღჭურვილობას ართმევდა და აზიანებდა. სხვა მხრივ პროტესტი მეტწილად არაძალადობრივი იყო.
სპეცდანიშნულების დანაყოფებმა, რომლებმაც თავიდან თავშეკავება გამოიჩინეს, შუაღამეს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს დემონსტრანტებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ისინი მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ხალხს, ვინც შეკრებას ცდილობდა.
240 ადამიანს, მათ შორის 80 პოლიციელსა და 32 ჟურნალისტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება მიღებული დაზიანებების გამო. ბევრი მოქალაქე დაიჭრა რეზინის ტყვიებით თავში, ფეხებსა და ზურგში. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, ხოლო სასამართლომ 121 დემონსტრანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა“, – წერს ორგანიზაცია ანგარიშში.
საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე ცნო, რითაც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა. ხოლ, ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი იქნა ცნობილი.
„პროკურატურამ სამ პოლიციელს წარუდგინა ბრალი უფლებამოსილების გადამეტებისა და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. სამივე პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომებისთვის, ხოლო 2 საქმე პროკურატურაში გადააგზავნა. პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა უფლებამოსილება გასცნობოდა სამართალდამცველთა მოქმედებებზე მიმდინარე გამოძიების მასალებს“, – წერს ორგანიზაცია.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლისსამართლებლივი დევნა არცერთ მათგანზე არ დაწყებულა.
The Human Right Watch აღნიშნავს, რომ შეშფოთებას იწვევს სხვა საკითხებიც, როგორიცაა:
შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები, რაც რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია.