სამართლებრივი გზა, სააკაშვილი გახდეს პრემიერი, არ გადის მხოლოდ ზურაბიშვილის კეთილ ნებაზე - დეკანოიძე

პუბლიკა

„სამართლებრივი გზა, მათ შორის იმის, რომ ჩვენ მიერ დასახელებული კანდიდატი და ჩვენი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდეს პრემიერ-მინისტრი, დამიჯერეთ, რომ არ გადის მხოლოდ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის კეთილ ნებაზე“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

დეკანოიძის განმარტებით, არსებობს ძალიან ბევრნაირი მიდგომა და ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თვითონ ისაუბროს საარჩევნო გეგმაზე, დაბრუნების გეგმაზე და იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ქვეყნის განვითარება”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე – იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ კანონიერ ძალაშია შესული განაჩენები და მას არ აქვს ასევე საქართველოს მოქალაქეობა, როგორ წარმოუდგენიათ მისი ქვეყანაში დაბრუნება და პრემიერად გახდომა? – დეკანოიძემ ისევ აღნიშნა, რომ სააკაშვილი თავად ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვასა და ასევე ქვეყანაში დაბრუნების სამართლებრივ გეგმაზე (მათ შორის ორგანულ კანონში ცვლილება და ა.შ.)”, – განაცხადა დეკანოიძემ.


„ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.