ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომ ელჩი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე მივიდა.
„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის მიანდობს ქვეყნის მართვას. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყავს რჩეული კანდიდატი ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და არა შედეგზე“, – აღნიშნა ელჩმა.
როგორც ელჩმა დეგნანმა განცხადა, სამართლიანი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ხმა უდრის ერთ ამომრჩეველს და არა საარჩევნო ყუთში ჩაყრილ ბიულეტენებს, ხმის მრავალჯერ მიცემას, ან კიდევ გამარჯვების მისაღწევად გაყალბების სხვა მეთოდების გამოყენებას.
„სამართლიან არჩევნებში არ უნდა ჰქონდეს ადგილი დაშინებას, ხმების მოსყიდვას, ან ამომრჩევლის დაძალებას, ფოტო გადაუღოს თავის ბიულეტენს. საბოლოოდ, საქართველოში არჩევნების წარმატებულად ჩატარება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ხმა არჩევნებში ხმის მიცემის გზით დაფიქსირდეს. ასე რომ, გაიკეთეთ პირბადეები, დაიცავით დისტანცია და წადით არჩევნებზე ხმის მისაცემად“, – განაცხადა დეგნანმა.