„სამართლიანი არჩევნები“ მე-2 ტურს ლიმიტირებული მისიით დააკვირდება

პუბლიკა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 21 ნოემბერს იმართება 17 მაჟორიტარულ ოლქში, 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, უკონკურენტო საარჩევნო გარემოსა და კორონავირუსის შემთხვევების დრამატულად ზრდის გამო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურს ლიმიტირებული მისიით დააკვირდება.

„როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის მოხსნის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს და საარჩევნო ბიულეტენში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი იქნება მოცემული, ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტი და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა მნიშვნელოვნად აზრს უკარგავს საარჩევნო უბნებზე არჩევნების პროცესის დაკვირვებას. ამასთან, კოვიდინფექციით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის ფონზე ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, დამკვირვებელთა მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბანზე ყოფნა მათ ჯანმრთელობას გაუმართლებელ რისკებს უქმნის“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მანდატებზე უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.