„სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის“ - ლონდონსა და ბერლინში სოლიდარობის აქცია გაიმართა

პუბლიკა

აშშ-ში მიმდინარე აქციების პარალელურად  ლონდონსა და ბერლინში ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და სოლიდარობის აქცია გამართა.

ლონდონში აქციის მონაწილეების მსვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დასრულდა შეძახილებით – „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“.

რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ბერლინში აშშ-ის საელჩოსთან. აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან  განათავსეს ბანერები წარწერებით: „სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის“; „შეწყვიტეთ ჩვენი ხოცვა“.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები დაახლოებით 30 ქალაქში მოჰყვა. CNN-ის ცნობით, აშშ-ის 16 შტატის 25 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

უკვე რამდენიმე დღეა მშვიდობიანი აქციები არეულობაში გადაიზარდა. პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.


მასობრივი პროტესტი აშშ-ში ორშაბათ საღამოს მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი კაცი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.

მომხდარის შემდეგ უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა. ჰენეპინის ოლქის პროკურორმა, მაიკლ ფრიმენმა ერთ-ერთს, პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენა – მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.

შოვინი თეთრკანიანი ოფიცერია, რომელმაც შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას ფიზიკური ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ფლოიდი გარდაიცვალა.