სამცხე-ჯავახეთში ტენდერებს თანამდებობის პირთა ძმების კომპანიები იგებენ - TI

პუბლიკა

„ახალციხის მერის არჩევის შემდეგ მისი ძმა და რძალი ახალციხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს იგებენ. ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კი მისმა ძმამ ასპინძის  მუნიციპალიტეტის ტენდერებში გაიმარჯვა. 2014-2020 წლებში ახალციხის მერის ძმამ და რძალმა ახალციხის ბიუჯეტიდან 565 710 ლარი მიიღეს. ამავე პერიოდში, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას ასპინძის ბიუჯეტიდან 740 065 ლარი დაერიცხა”, –  ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. 

ზაზა მელიქიძის ძმის კომპანიის შესყიდვები ახალციხის მუნიციპალიტეტში

TI წერს, რომ ზაზა მელიქიძე 2014 წლის ივლისში  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად, 2017 წლის ოქტომბერში  კი ახალციხის მერად აირჩიეს „ქართული ოცნებიდან“. 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით მისი ძმის, თამაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანიამ, შპს „ნუკიამ” ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მათგან ცხრა მოიგო, რისთვისაც ჯამში 246 920 ლარი დაერიცხა. „ნუკიამ“ მანამდეც მიიღო მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ ტენდერში, ვიდრე ზაზა მელიქიძე არჩევნებს მოიგებდა, და მხოლოდ ერთში გაიმარჯვა 3 700 ლარით.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებული, ზაზა მელიქიძე, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ჩვეულებრივ ჩართული იყო იმ სატენდერო კომისიების მუშაობაში და მუნიციპალიტეტის გამგებელი მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე უთითებდა, რომ შპს „ნუკიასთან”  ინტერესთა კონფლიქტში იმყოფებოდა, ხელშეკრულებებს კი მისი პირველი მოადგილე, გურამ მელიქიძე აფორმებდა.

ზაზა მელიქიძის რძლის უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები ახალციხის მუნიციპალიტეტში

„ზაზა მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ, მისი მეორე ძმის თენგიზ მელიქიძის მეუღლე,  ნანა მაისურაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის  ააიპ-ების  ტენდერებს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით უკონკურენტოდ იგებს და  აღნიშნულ ორგანიზაციებს  პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს“, – წერს TI.

მათი თქმით, მელიქიძის არჩევამდე, ნანა მაისურაძეს მონაწილეობა არცერთ სახელმწიფო შესყიდვაში არ მიუღია. მათი თქმით, მაისურაძემ 11 ტენდერიდან 8-ში  გაიმარჯვა, მათ შორის 6-ში ერთადერთი პრეტენდეტი იყო და ჯამში 318 408 ლარი დაერიცხა.

„ზაზა მელიქიძის ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ,  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებს მის საკუთრებაში არსებული კომპანიებიც  უკონკურენტოდ იგებენ. ამ  კომპანიების დირექტორებად მერს ცოლის და-ძმები ჰყავს დანიშნული. ზაზა  მელიქიძისა და მისი ცოლის ძმის შპს-ებს 2014-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაერიცხათ“.

ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის ძმის ტენდერები ასპინძის მუნიციპალიტეტში

როგორც TI  წერს, მამუკა მელიქიძე 2014 წლიდან დღემდე ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარეა. თანამდებობაზე არჩევამდე, გარკვეული პერიოდი, იგი ძმის, მალხაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანია სს „XXI საუკუნის“ ფინანსური დირექტორი იყო.

მამუკა მელიქიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მისი ძმის კომპანიამ „XXI საუკუნემ“  სულ 16 ტენდერი მოიგო, ჯამში  3 470 628 ლარის ოდენობის. მანამდე კი,  2011-2014 წლებში, მხოლოდ 218 920 ლარის ჯამური ღირებულების ორი ტენდერი ჰქონდა მოგებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს სს „XXI საუკუნის“,  შპს  „ნუკიასა” და ნანა მაისურაძის მიერ მოგებული თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, იყო თუ არა ეს შესყიდვები მათთვის სასურველი პირობებით გამოცხადებული და ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციის შესაძლო შემთხვევებს

აიკითხეთ TI-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულად