ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხულგუმოსთან ადგილობრივი ქრისტიანული სალოცავის დარბევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
EMC შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„როგორც ადგილობრივი რელიგიური ჯგუფებისგან ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, სოფელ ხულგუმოსთან მდებარე მე-13 საუკუნის ისტორიული სალოცავით ადგილობრივი სომეხი კათოლიკური მრევლის გარდა, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ასევე სარგებლობენ.
სალოცავი ადგილობრივი ქრისტიანი თემებისთვის თავისუფალი კულტურული და საკრალური სივრცეა. სალოცავი არც ერთ კონკრეტულ ეკლესიას არ ეკუთვნის და არც ორგანიზებული რელიგიური პრაქტიკა (წირვა-ლოცვა) ხორციელდება მის სივრცეში. ადგილობრივი სასულიერო პირების განმარტებით, ახალქალაქში ადგილობრივი ქრისტიანი თემები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და რელიგიური შინაარსის დაძაბულობის შემთხვევებს ვერ იხსენებენ, რის გამოც მათთვის ამ ეტაპზე რთულია მომხდარის მიზეზებისა და მოტივების ახსნა“, – წერს EMC.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამავე სამლოცველოში არსებული საეკლესიო ნივთები რამდენიმე თვის წინაც დააზიანეს, თუმცა ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია. ასევე, უშედეგოდ დასრულდა გამოძიება 2018 წელს სოფელ ვალეში კათოლიკურ მცირე სალოცავში (ნიშაში) წიგნებისა და ხატების დაწვის ფაქტზეც.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მომხდარი შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივრებულ დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობას.
EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ:
- დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და სავარაუდო ბრალდებულ პირთა იდენტიფიცირება;
- შეისწავლოს ხულგუმოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო რელიგიური დაძაბულობის ნიშნები და მისი გავლენა მომხდარ ინციდენტებზე; დაძაბულობის/კონფლიქტის რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში კი მიიღოს ეფექტიანი პრევენციული ზომები მსგავსი შეუწყნარებლობის ინციდენტების აღკვეთისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის;
- შეიმუშაოს რელიგიური კონფლიქტების/მსგავსი კონფლიქტის რისკების/ არსებობის დროს პოლიციის მუშაობის სპეციალური სტრატეგია, რომელიც კონფლიქტისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და მშვიდობიანი და თანასწორი სამართლებრივი გარემოს შექმნისკენ იქნება მიმართული.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს:
-
ძეგლის სტატუსის და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღოს დროული ზომები მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
სოფელ ხულგუმოსთან მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო ადამიანის დევნას გულისხმობს.
წაიკითხეთ განცხადება სრულად