სამების ტაძარში ხატისთვის, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
„პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. საქმის მასალები შემდეგი რეაგირებისთვის გადაიგზავნება სასამართლოში“, – ნათქვამია შსს-ს კომენტარში.
ვიდეო სოციალურ ქსელში აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა.
2024 წლის 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი, რომელიც სამების ტაძარშია გადაღებული. ხატზე წმინდა მატრონა მოსკოველია გამოსახული, მათ შორის, საბჭოთა დიქტატორთან, იოსებ სტალინთან ერთად.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „მთავარ არხთან“ თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
მალევე გაირკვა, რომ ხატი სამების ტაძარს პრორუსულმა პარტია „პარიოტთა ალიანსმა” შესწირა.