სამების ტაძარს დავალიანების გადაუხდელობის გამო გაზი ჩაუჭრეს, – როგორც „პუბლიკას” კომპანია „თბილისი ენერჯიში” განუცხადეს, სამების ტაძარს დღეის მდგომარეობით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება აქვს 256 652 ლარი, რაც ბოლო სამი წლის დავალიანებაა.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს წერილობით, რომ გადაეხადათ დავალიანება ან გადანაწილება გაეკეთებინათ, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არცერთხელ არ ყოფილა.
„საბოლოო ჯამში თებერვლის თვეში ისევ ჩვენი ინიციატივით, შევთანხმდით გადანაწილებაზე და 227 329 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილდათ. ამის მიუხედავად , გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არც მიმდინარე მოხმარებული გაზის გადასახადი და არც შეთანხმებისამებრ გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადი მათ არ გადაიხადეს. ამით დაირღვა ხელშეკრულება განწილვადებაზე, რის გამოც მიმდინარე წლის 23 აპრილს სამების ტაძარს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება”, – აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება სხვა ტაძრებს, „თბილისი ენერჯი” ამბობს, რომ მათ დიდ უმრავლესობას 10 წელიწადზე უკვე გადაუნაწილდა არსებული დავალიანებები.