სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის დასნებოვნების 119 შემთხვევაა გამოვლენილი – NCDC

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ აქვეყნებს საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის ანალიზის მეორე ანგარიშს, რომლის მიხედვით, საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის, 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი, 15,1% (18 შემთხვევა) კი – ტექნიკური.

ანგარიშის მიხედვით, 101 დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12,06%-ია. მათ შორის, გარდაიცვალა ერთი ექთანი ქალი, 70 წლის, ქვემო ქართლიდან.

სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალში ლეტალობამ 1% შეადგინა.

შემთხვევათა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით:

– ექთანი – 58% (58 შემთხვევა);
– ექიმი – 31% (31 შემთხვევა);
– უმცროსი სამედიცინო პერსონალი – 10% (10 შემთხვევა);
– ექიმი-ეპიდემიოლოგი – 1% (1 შემთხვევა);

ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის უდიდეს ნაწილს (84%) ქალები წარმოადგენენ.

ანგარიშის მიხედვით, დაავადებულთა საშუალო ასაკი 41 წელია, ასაკობრივი დიაპაზონი – 19-72 წელი. ანალიზმა აჩვენა, რომ ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის ყველაზე მაღალი წილი აპრილში დაფიქსირდა. უმეტესად ინფიცირებულია კოვიდკლინიკების სამედიცინო პერსონალი.

 

კვლევის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ხდება საზოგადოებაში დაავადების გავრცელების მიზეზი, რაც მოხდა ე.წ. „საბურთალოს კლასტერის“ შემთხვევაში. ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი გახდა შემდგომი 27 შემთხვევის ინფიცირების პირველადი წყარო (ინდექს შემთხვევა).

„საბურთალოს კლასტერი“

კლასტერის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა 2020 წლის 27 მაისს, PCR კვლევის შედეგად. სეროლოგიური კვლევით (ELISA-მეთოდი) ინდექს შემთხვევად იდენტიფიცირებულ იქნა მედიცინის მუშაკი.

ეპიდკვლევამ გამოავლინა მრავლობითი ახლო კონტაქტი, რომლებიც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულნი. კონტაქტების მიდევნებისას 28-30 მაისს იდენტიფიცირებულ იქნა დამატებით 13 და 8 შემთხვევა, შესაბამისად, მეორეული შემთხვევების ეპიდკვლევითა და მიდევნებით დამატებით გამოვლინდა კიდევ 5 შემთხვევა, რომლებიც კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში.

დადასტურებული 28 შემთხვევიდან 4 არის 16 (18) წლამდე და 1 – 80 წელზე უფროსი ასაკის. სულ, 11 ივნისისთვის, „საბურთალოს კლასტერი“ მოიცავს 28 დადასტურებულ შემთხვევას.

კონტროლის ღონისძიების ფარგლებში მოიძიეს და ლაბორატორიულად გამოიკვლიეს 211 კონტაქტი. კარანტინში გადაიყვანეს 106 პირი. თვითიზოლაციაში მყოფი 92 პირის მონიტორინგი აწარმოა შესაბამისმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებმა. აღნიშნულ კლასტერში შემავალი შემთხვევების 82,1% (23/28) ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით. ანგარიშის მომზადების პერიოდისთვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში (3,6% – 1/28) აღინიშნა კრიტიკულად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა (პაციენტი მამაკაცი, 48 წლის, გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე).