სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მიზეზი გადაღლილობა და ყურადღების მოდუნება ხდება - გაბუნია

პუბლიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სამედიცინო პერსონალის რაოდენობა კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის მაღალია. ამის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება მათი გადაღლილობა იყოს. გაბუნიას თქმით, სამედიცინო პერსონალის ტრენინგი და პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა დატვირთული რეჟიმის გამო შეიძლება, ყურადღება მოადუნონ და ვირუსის გადადება ვერ აიცილონ თავიდან.

„ჩვენს საერთო რაოდენობაში, სამწუხაროდ, საკმაოდ სოლიდური წილი უჭირავს სამედიცინო პერსონალის ინფიცირებას. ის ღონისძიებები, რომელიც პერსონალის დასაცავად აქამდე გატარდა, იყო ტრენინგების სახით, პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის სახით. დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგი და ადგილზე ვიზიტები იმისათვის, რომ ყველგან პერსონალს ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა. იქნება ეს ცხელების კლინიკა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახური. პირველადი ჯანდაცვის ქსელი მაქსიმალურად მობილიზებულია იმისათვის, რომ იყოს დაცული და მიჰყვებოდეს ინსტრუქციას.

თუმცა, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დატვირთული რეჟიმი, გადაღლილობა… გარკვეულ შემთხვევებში ყურადღების მოდუნება ხდება სწორედ ინფიცირების მიზეზი. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მოხდა საყოფაცხოვრებო პირობებშიც. მაშინ, როცა სამედიცინო პერსონალს არ უკეთია პირადი დაცვის საშუალებები“, – თქვა თამარ გაბუნიამ „პირველი არხის“ ეთერში ჩართვისას.

გაბუნიას აზრით, სამედიცინო პერსონალის აღჭურვასთან ერთად, მათთვის დასვენებისთვის საკმარისი დროის გამონახვით შეიძლება, შეაკავონ ჯანდაცვის სექტორში ვირუსის გავრცელება.

„ნებისმიერ შემთხვევაში აქედან გამოსავალი არის ისევ და ისევ კონკრეტულ რეკომენდაციებზე მიყოლა – პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და პირობები იმისათვის, რომ გვქონდეს სამედიცინო პერსონალის მონაცვლეობის საშუალება. დასვენების რეჟიმის უზრუნველყოფისთვის ბევრი კლინიკა გადავიდა ორკვირიან რეჟიმზე. ის ორი კვირა, რა თქმა უნდა, დატვირთულია, მაგრამ შემდეგ ეძლევა პერსონალს დასვენების საშუალება. ამ რეჟიმს იყენებს ბევრი ევროპული ქვეყანაც“, – თქვა გაბუნიამ.