„სამედიცინო სერვისის ხარისხი სრულიად შესაფერისია ნებისმიერ სტანდარტთან" | გაბუნია და ბრეგაძე ციხის კლინიკაში იყვნენ

პუბლიკა

„საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა“, –  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ №18 სამკურნალო დაწესებულებაში  სტუმრობის შემდეგ განაცხადა. იუსტიციის მინისტრი №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო. რელიზს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

„ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად დავათვალიერეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება. როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ, ასევე, დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, №18 (სამკურნალო) დაწესებულების კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა, რათა მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით.

„ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატით, დეფიბრილატორით, კარდიომონიტორით, ინფუზიის აპარატით, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და  ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. ამდენად, აქ არის ყველა ტექნოლოგიური პირობა, რათა უსაფრთხოდ განხორციელდეს ინტენსიური თერაპია, პაციენტზე დაკვირვება; ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალზედ გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ხარისხი, რაც იქნება – ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს განყოფილება სრულად გამართულია, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. 


საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართეს და რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებიან.

დღეს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დღის ბოლოს განცხადებაც გაავრცელა.

ომბუდსმენის თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.