სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

სამეგრელოს-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს თანამშრომელმა რევაზ ლაზიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის განმარტავს, რომ გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღო და ის სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციას უკავშირდება.

დღეს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ, გვიან ღამით, ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ ზუგდიდში სპეოპერაცია ჩატარდა. დააკავეს ხობის ყოფილი პოლიციის უფროსი ალექსანდრე რაფავა, ყოფილი მაიორის, რუსლან შომახიას სახლი კი გაჩხრიკეს.

„დააკავეს ჩვენი მეგობარი, ხობში ყოფილი პოლიციის უფროსი, ლექსო რაფავა. ჩაუდეს იარაღი და ხელყუმბარა. დააწიოკეს მცირეწლოვანი ბავშვები. გაჩხრიკეს ჩვენი მეგობრის, რუსლან შამახიას სახლი. დააწიოკეს ოჯახი. სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შსს მინისტრის მოადგილეები ბედოიძე და ჭელიძე“, – წერს პარტიის წევრი, პარლამენტარი ანი წითლიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ კი დღეს ჟურნალისტებთან უარყო ინფორმაცია სამეგრელოში ყოფის შესახებ, თუმცა დაადასტურა მომხდარი და თქვა, რომ „სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში“.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამართველოს თანამშრომლის გადაწყვეტილებას, თანამდებობის დატოვების შესახებ, რევაზ ლაზიშვილი აცხადებს, რომ მას არ შეუძლია, კაბინეტიდან უკანონო დაკავებას უყუროს. ამის შესახებ მან სპეციალური ბრიფინგი გამართა.

„ვარ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დავტოვო. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის დაკავებამ, რომელთანაც მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. არ შემეძლო, კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთი ქმედებისთვის. ესენი არიან ღირსეული პოლიციელები. რუსლან შამახიას სახლში ჩხრეკა იყო უკანონო, როგორც ვიცი, მას აქვს ოფიციალურად გაფორმებული იარაღი”, – განაცხადა ლაზიშვილმა.

დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რევაზ ლაზიშვილის გადაწყვეტილების შესახებ, რაზეც მან განაცხადა, რომ რაც მალე გაიწმინდება პოლიცია ისეთი ადამიანებისგან, ვისაც პარტიული მოღვაწეობა სურს, მით უკეთესი.

„ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში. ეს არის ჩემი პოზიცია. რაც მალე მოხდება ლუსტრაცია და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება ჩვენი პოლიცია ასეთი ფსევდო ოფიცრებისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.