სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები დაინიშნენ

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაინიშნა 2 გუბერნატორი – სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში.

პრემიერის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორი იქნება მიხეილ გუგუჩია, რომელიც პროფესიით სამართლის სპეციალისტია.

„მას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მუშაობდა შსს-ში, უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში. არის ძალიან გამოცდილი კადრი. არის ზუგდიდიდან და ძალიან კარგად იცნობს რეგიონს. მჯერა, რომ წარმატებული გუბერნატორი იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შიდა ქართლის გუბერნატორი იქნება ვალერიან მჭედლიძე.

„ის არის გორიდან. ძალიან წარმატებული სახელმწიფო სექტორის თანამშრომელი. მინდა გითხრათ, რომ ბატონი ვალერი ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტს და ძალიან წარმატებული თანამშრომელი იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.