სამეგრელოში 5-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, 5-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სოფელ სქურის მიმართულებით წავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს და საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს“,- აცხადებენ უწყებაში.

11 ოქტომბრიდან, პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სამაშველო-საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდა 15-კაციანი ჯგუფი და დრონი. ასევე, ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიური სამსახურიც.