სამეგრელოში გამოძალვისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული მამაკაცი „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.გ. და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი – 2001 წელს დაბადებული გ.გ., ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების – „მაგამედისა” და „ხაკიმის” სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის – თემური გვასალიას (მეტსახელად, „თემურ სოხუმსკი“) დახმარებით, მოქალაქეს – 1967 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.

შსს-ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ა.გ. დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი – 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულ ა.გ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს” წევრობის მუხლით წარედგინა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. ასევე, იმ მუხლით, რომელიც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შსს-ს ცნობით, დაკავებულს ბრალი ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვთაც წარედგინა, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.