სამეგრელოში ხანძრის 28 კერა ლიკვიდირებულია - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოში ხანძრის 28 კერა ლიკვიდირებულია, ორი – ლოკალიზებული. მათი ცნობით, დარჩენილია 10 კერა რომელზეც მუშაობა გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების უწყვეტი მუშაობის შედეგად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში 40 აქტიური, მინდვრის ხანძრიდან 28 კერა ლიკვიდირებულია და 2 ლოკალიზებული. დარჩენილია 10 კერა, რომელზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90 კაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

სამეგრელოს გარდა, ეკალბარდი იწვის იმერეთსა და გურიაში. იმერეთში, სოფელ მაღლაკსა და ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, ხოლო გურიაში – სოფელ ლესასთან, ნაგომართან და გაგურთან.

აღნიშნულ ხანძრებზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან, მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.