სამეგრელოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია - შსს

პუბლიკა

სამეგრელოში, სოფელ განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების განმარტებით, პოლიციამ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინა და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

ვლადიმერ ვახანია ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ის 2009 წელს სამართალდამცავებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 2012 წელს კი საპარლამენტო არჩევნებში საინიციატივო ჯგუფის წარდგენით ზუგდიდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი კანდიდატურა მოხსნა.