შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლიციამ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად, „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. გამოძიების ინფორმაციითვე, 1993 წელს დაბადებული რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.