სამეგრელოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - მოწერელია

პუბლიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ფოთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება.

„ეს არის ერთადერთი განსხვავება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვებიდან, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით გვაქვს. გვექნება საპოლიციო ბლოკპოსტები ქალაქების შესასვლელებში, რაც  ნიშნავს, გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები – მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ, ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში  გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად.