სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა იქნება საჭირო

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტი განიხილავს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის თანხმობის მიღება იქნება აუცილებელი.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად აუცილებელი იქნება ღვნის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა. დღეს მოქმედი კანონით ვენახის გაშენების წინაპირობა მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშების გამოყენებაა.

ცვლილება კანონში შემდეგნაირად ჩაიწერება:

„თანხმობა ვენახის გაშენებაზე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულპირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი;

სამეწარმეო ვენახის გაშენება დასაშვებია სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე და გასაშენებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშ(ებ)ი.“

„ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალია ინტერესი მევენახეობის დარგისადმი, რაც გამოიხატება ახალი ვენახების მასიურ გაშენებაში, რიგ შემთხვევებში, ვენახის გაშენება ხორციელდება არასერტიფიცირებულ სანერგეში გამოყვანილი ნერგებით. აღნიშნული გარემოებები კი იწვევს ჭარბ მოსავლიანობას და შემდგომში ღვინის რეალიზაციის პრობლემებს. საკითხის რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვის მიზნით მიზანშეწონილია ვენახების გაშენებაზე შესაბამისი თანხმობის შემოღება“, – აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.

თანხმობის პროცედურებისთვის „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესს“ 2026 წლის 1 მარტამდე გარემოს დაცვის სამინისტრო გამოსცემს.

ამავე კანონპროექტით, ახლებურად ყალიბდება ეტიკეტის ცნება, სამომხმარებლო ტარას განმარტება.

ცვლილება შეეხება ღვინის და სპრიტიანი სასმლის წარმოებისას ყურძნის გამოყენებასაც.

მოქმედი რედაქციით, კანონის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმელის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის/სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციით – ახალი რედაქციით ეს პუნქტები ამოღებულია.

„იმის გათვალისწინებით, რომ გაიზარდა გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად, ყურძნის მოსავლიანობაც, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმელის მაღალი ხარისხის უზრუნვლსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება განხორციელდეს მხოლოდ ამ ღვინის ან/და სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან“, – აღნიშნულია კანონპროექტში.