სამგორის 97-ე უბანი | რა აჩვენა ბათილი ბიულეტენების გახსნამ – ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე გაიხსნა სამგორის 97-ე უბნის მასალები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პროპორციულ არჩევნებში:

  • „მოქალაქეებს“ ეწერა 4 ხმა, როდესაც მიღებული აქვს – 26;
  • „გირჩი“ – 2 ხმა – მიღებული აქვს 32;
  • „ლელო“ – 6 ხმა – მიღებული აქვს 26;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 9 ხმა – მიღებული აქვს 39.

ელენე ნიჟარაძის ინფორმაციით, ნამდვილი ბიულეტენები შერეული იყო ბათილ ბიულეტენებთან.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი ამ არჩევნებზე. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ მოხდეს ყველა იმ უბნის მასალების გახსნა და გადათვლა, სადაც პრობლემები დაფიქსირდა“, – წერს ნიჟარაძე.

ცესკოს ვებგვერდზე #5 სამაჟორიტარო ოლქის 97-ე უბნის შედეგებში (პროპორციულ ნაწილში), ჯერჯერობით, ატვირთულია შესწორების ოქმი, რომელშიც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმებია ჩასწორებული მხოლოდ (წერია, რომ ნაცვლად 67-ისა უნდა ეწეროს რიცხვი 267).

 

სამგორის 97-ე უბნის ოქმი
სამგორის 97-ე უბნის ოქმის შესწორება

„ლელოს“ სამგორის შტაბის ხელმძღვანელის, გულიკო ზუმბაძის ინფორმაციით, მაჟორიტარულ ნაწილშიც არასწორადაა შეყვანილი ხმების რაოდენობა. ის ამბობს, რომ ფიქრია ჩიხრაძეს უწერია 0 ხმა, თუმცა, ხმების გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიღებული აქვს 47 ხმა. აღსანიშნავია, რომ შესწორების ოქმში აქაც „ქართული ოცნების“ ხმების რაოდენობაა ჯერჯერობით შესწორებული („ნაცვლად 86-ისა, უნდა ეწეროს 286“).

„საოლქო კომისიამ დალუქული პაკეტის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. გაფუჭებული პაკეტების შეკვრაში აღმოჩნდა ელისაშვილის, ვაშაძის, „გირჩის“ ბიულეტენები „ლელოს“ ბიულეტენებთან ერთად.

იმდენად შესამჩნევი იყო დისბალანსი, იძულებული გახდა კომისია, მიეღო დალუქული პაკეტის გახსნის გადაწყვეტილება. ნამდვილად არის ტოტალური გაყალბება“, – ამბობს ზუმბაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე დასვეს კითხვა. ცესკოს განცხადებით, ამ კონკრეტულ საკითხს მოინიშნავენ, გადაამოწმებენ და დღესვე გაგვცემენ პასუხს.