სამი ახალი გაერთიანება აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციაზე უარს ეუბნება

პუბლიკა

სამი ახალი გაერთიანება – საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი, საჯარო მოხელეთა პროფკავშირი და „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ – აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო არ არეგისტრირებს.

გაერთიანებების წარმომადგენლებმა დღეს იუსტიციის სახლთან ბრიფინგი გამართეს. ვახუშტი მენაბდემ თქვა, რომ „მოძრაობამ სოციალური დემოკრატიისთვის“ რეესტრს თებერვლის ბოლოს მიმართა:

„დღემდე პასუხი არ გვაქვს და ყველა დღე, 26 თებერვლის შემდეგ არის ვადის გადაცილება. ეს არის უარი რეგისტრაციაზე. იუსტიციის სამინისტროს არ აქვს არც ერთი არგუმენტი, ამიტომ ის უბრალოდ დუმს და იგნორირებას უკეთებს ჩვენ მოთხოვნას რეგისტრაციის თაობაზე. ეს არის ხელშეშლა ჩვენი საქმიანობის, ჩვენ როგორც იურიდიული პირი ვერ ვმოქმედებთ სრულფასოვნად, რეგისტრაციის არარსებობის პირობებში“, – თქვა ვახუშტი მენაბდემ.

მენაბდე ამბობს, რომ „რეჟიმს“ აფრთხობს ნებისმიერი ერთობა, ადამიანების ნებისმიერი შეკავშირება სოლიდარობის და ძალთა გაერთიანების საფუძველზე უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ფსიქოლოგთა პროფკავშირის წარმომადგენლის ინფორმაციით კი, რეგისტრაციის მოთხოვნით პირველად საჯარო რეესტრს თებერვლის ბოლოს მიმართეს, პასუხის შემდეგ გამოასწორეს ხარვეზი და დოკუმენტების საბოლოო ვერსია 7 მარტს გაგზავნეს:

„წესით, 10 მარტისთვის უნდა გვცოდნოდა პასუხი, თუმცა დღემდე არ მიგვიღია. ცხელ ხაზზე როდესაც ვრეკავთ, გვეუბნებიან, რომ ტექნიკური ჯგუფი მოგვაწვდის ინფორმაციას 2-3 სამუშაო დღეში. გავიდა ბევრად უფრო მეტი, ვიდრე 2-3 სამუშაო დღე, მეილზე მიწერილ განაცხადს პასუხობენ, რომ ცხელ ხაზზე უნდა დავრეკოთ, ცხელ ხაზზე არ გვაწვდიან ინფორმაციას, ყოველ შემთხვევაში, კომპეტენტურ პასუხს ამ უწყებისგან ვერ ვიღებთ“, – თქვა ნათია სორდიამ.

კახი სამხარაძე („კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ წარმომადგენელი), ამბობს, რომ უკვე სამი თვეა, ამ „ბრძოლაში“ არიან. მისი განცხადებით, 27 მარტს უკვე მერვედ მიიღეს უარი რეგისტრაციაზე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო არგუმენტებით.

კახი სამხარაძემ აღნიშნა, რომ ბოლოს საჯარო რეესტრმა მათგან მოითხოვა სამი გაერთიანების თანხმობა, თუმცა ერთ-ერთი ორგანიზაციიდან მათ უარი მიიღეს.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.