სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი სომხეთიდანაა შემოტანილი, ერთის წყაროს იკვლევენ - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალგამოვლენილი 3 შემთხვევიდან ორი შემოტანილი შემთხვევაა, საკარანტინო სივრციდან; ერთი ახალი შემთხვევის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება, წყაროს მოძიების თვალსაზრისით.

ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურში 24 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ორი ახალდადასტურებული პაციენტია. გუშინ კლინიკიდან, ეზუგბაიას ცნობით, ორი ადამიანი გაეწერა.

„ეს ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა, არც ერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე პნევმონიის გარეშეა. ორი სტუდენტია, სომხეთში სწავლობდნენ, დაბრუნდნენ და ჩატარებული კვლევის დადასტურებული პასუხით გადმოყვანილნი იქნენ ჩვენთან”, – აცხადებს ეზუგბაია.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელთა 7 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 911 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა – 768 ადამიანი.  მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე STOPCOV.GE-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 911

– მათ შორის გამოჯანმრთელებული – 768

– მათ შორის გარდაცვლილი – 14

– კარანტინის რეჟიმში – 2662

– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255

– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3