სამი ონლაინგამოცემა აცხადებს, რომ აქციაზე დრონები დაკარგეს

პუბლიკა

ონლაინგამოცემებმა: „პროექტმა 64-მა”, „ნეტგაზეთმა” და „მაუწყებელმა” განაცხადეს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციის პარალელურად დრონები დაკარგეს.

„დრონი აგვაცალეს ჰაერში. ავაფრინე, პარლამენტის თავზე ვიღებდი, ვიდექი სადღაც ოპერასთან. უკან ვაბრუნებდი და უცებ უცნაურად დაიწყო ფრენა და მომენტალურად დავკარგე კონტროლი. ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ. ბოლო კადრი სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მიჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა“, – დაწერა გიორგი გოგუამ, „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელმა და ფოტოგრაფმა სოციალურ ქსელში.

„ნეტგაზეთის”, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონსტრაციის გადაღებას ვცდილობდით”, – დაწერა გამოცემა „ნეტგაზეთმა“.

„გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, – უთხრა „მაუწყებლის“ ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს“.