„მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო და სიმხნევეს გისურვებთ, ვინაიდან ყველას ჩვენ ერთად ქალბატონმა სალომემ ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაგვიწერა“, – ასე შეაფასა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა ფრაქცია „ლელოს“ წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა.
დღეს, 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენების ფორმატში პარლამენტს მიმართა და უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პოზიციები გააკრიტიკა. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ოფიციალურად უარი უთხრა ევროპაში ვიზიტებზე და ამის შემდეგ მან პირადი კონტაქტები გამოიყენა.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ტრიბუნა ფრაქციების წარმომადგენლებს დაეთმოთ. მიკროფონთან პირველი დავით უსუფაშვილი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ამგვარ შეფასებას პოლიტიკური პარტიები იმსახურებდნენ.
„თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მე მგონი შევძლებთ, შევასრულოთ ჩვენი როლი და დანიშნულება ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქვეყანაა.
მე ძალიან ბევრი მოხსენება მომისმენია პრეზიდენტის პარლამენტში და მინდა, თავიდანვე განვაცხადო, ქალბატონი ზურაბიშვილის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური, სახელმწიფოს მეთაურისებრი, ანუ მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ყველამ ერთად რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ პრობლემები, რომლებიც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალი.
მე არ მგონია, რომ გვჭირდებოდა ვინმეს მიერ შეხსენება, რომ ასეთ ვითარებაში, ოკუპაციის პირობებში, ომის საფრთხის პირობებში ყველა ქვეყანას მართებს ერთიანობა და არა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს დიდი პრობლემის ნაწილია, საქმე ის არაა, რომ მარჯვნივ კარგი ხალხია და მარცხნივ – ცუდი… საქმე ის გახლავთ, რომ ვაგრძელებთ ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში. საქმე ისაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავამკვიდრეთ ის, რის მეთაურიც გვესტუმრა დღეს პარლამენტში, ანუ სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ინსტიტუტებით, რომელშიც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ მისი პრეზიდენტი უცხოეთში მიემგზავრებოდეს და არათუ ნებართვას არ აძლევდეს ვინმე, არამედ პრემიერი და პრეზიდენტი რამდენიმე საათს არ მუშაობდნენ ერთად, იმისთვის, რომ საერთო საქმე გააძლიერონ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება სისტემური ცვლილება, სისტემურ ცვლილებას კი სისტემური მიდგომა.
დეპუტატმა განაცხადა, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ერთ სამიანს თვითონაც დაუწერს:
„ერთ კონკრეტულ საკითხში ერთ სამიანს მეც დავუწერდი ქალბატონ პრეზიდენტს. სხვა თემებზე არ ვისაუბრებდი. მტრობამ, შუღლმა, ურთიერთგაუტანლობამ, შავმა პიარმა ამ ქვეყანაში ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მიაღწია და ასეთი ამბები აღარ იკარგება, ილექება ადამიანებში, საზოგადოებაში, პოლიტიკოსებში, ამიტომ გავუფრთხილდეთ ყოველ სიტყვას, ყოველ ქმედებას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, საქართველო ახლა ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგას და ამ შანსის გამოსაყენებლად რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას: საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ომი, ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის; რომ საქართველომ შეძლოს თავდასხმის მოგერიება და ქვეყნის დაცვა; მისი შეფასებით, ქვეყნის სისუსტის პროპაგანდა ისეთივე დაუშვებელია, როგორც ომის პროპაგანდა.
უსუფაშვილის თქმით, საქართველო უფრო მჭიდრო ურთიერთობაში უნდა იყოს დასავლურ სამყაროსთან, რომელმაც „გვიან, მაგრამ მაინც გაიღვიძა“.
„აუცილებელია, უკვე გვქონდეს გეგმა, პოსტომური სიტუაციის პროცესში საქართველო კონკრეტულად რა პროექტებით წარდგება დემოკრატიული დასავლეთის წინაშე“, – თქვა მან.