სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას, ეს არის უარის თქმა სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე - საძაგლიშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მასთან საპატიმროში იმყოფებოდა. ადვოკატმა რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სახელმწიფოს მხრიდან მის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმას ნიშნავს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჰოსპიტალიზაციას რაც შეეხება, ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინიტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, თუმცა გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში და გადაიყანენ მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში.

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ჯერ ერთი ის, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ  მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკრად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე, “- განაცხადა მან.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს კერძო კლინიკებთან და რუსთავის ამ დაწესებულებიდან პატიმარი ყოველთვის გადაჰყავთ კერძო კლინიკაში. ადვოკატის თქმით, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე პრივილეგიას ითხოვს, ესაა სტანდარტი და მიღებული პრაქტიკა.