სამინისტრო არ გვრთავს სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების პროცესში - პლატფორმა „სალამ“

პუბლიკა

პლატფორმა „სალამი“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის პროცესის არაინკლუზიურობას ეხმაურება და წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ჩვენი დაკვირვებით, 2021-2024 წლის სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში, სწორედ რომ შეინიშნება არასისტემური და კრიტრიუმების გარეშე მუშაობის ნიშნები. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ ვიცით, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევა ესა თუ ის ორგანიზაცია სტრატეგიულ დოკუმენტზე სამუშაოდ. შედეგად, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ან არ არსებობს შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, ან კიდევ კრიტერიუმები მიზნად ისახავს „სალამის“ მსგავსი ორგანიზაციების დიალოგის პროცესიდან გათიშვას. „სალამი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენი ხმები და მოსაზრებები სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგიული დოკუმენტის პრიორიტეტების, მიმართულებების, მიზნების და ამოცანების განსაზღვრის პროცესში აუცილებელად გასათვალისწინებელია. ხოლო, ამ სივრციდან ჩვენი გარიყვა სტრატეგიული დოკუმენტის შემქნის პროცესის არაინკლუზიურობაზე მეტყველებს.

დასანანია, რომ ჩვენი მკაფიოდ გამოხატული თანამშრომლობის და ჩართულობის სურვილისა, ლოჯისტიკური მიზეზების დასახელებით, სამინისტრო არ გვრთავს აღნიშნულ პროცესებში.

ჩვენ, „სალამი“ , საჯაროდ ვაცხადებთ, რომ გვაქვს მზაობა და სურვილი სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების პროცესში ჩართვისთვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ხმის, პოზიციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი დაემსგავსება ამ სამინისტროს წინამორბედ დოკუმენტებს, რომლებიც ხშირად მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების დასანახად იქმნებოდა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას გაეცანით ვრცლად ბმულზე;


სამოქალაქო პლატფორმა „სალამი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიერ. „სალამის“ ერთ-ერთი მისიაა, ორგანიზება გაუწიოს ეთნიკურ უმცირესობებს, რათა მათ შეინარჩუნონ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია და იდენტობა.