სამინისტრო ასახელებს ფაქტორებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რაჭის ტყეზე ლიცენზიის გადახედვა

პუბლიკა

გარემოს დაცვის სამინისტრო რაჭის ტყეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს.

მათივე თქმით,  აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა.

„სამინისტრო, რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად, განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, სადაც მართვა სრულად ექნება ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან ერთად, რაზედაც დაწყებულია აქტიური მუშაობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

კონკრეტული სტატუსი განისაზღვრება სპეციალისტების შეფასებისა და ადგილობრივი თემების და თვითმმართველობის ჩართულობით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.

აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა”, – ნათქვამია განცხადებაში.


მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის”, ადგილობრივი მოსახლეობა და მხარდამჭერები რაჭის ტყეებზე  49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვდნენ, რის საფუძველზე დავით ხიდაშელს ტყე გადაეცა. ამ მოთხოვნით, 27 სექტემბრიდან მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრში კარავიც დადგეს და 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმეს, დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 2022 წლის მარტში გადაეცა. ის რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და სანქცირებულ რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოსთან დაახლოებული პირია.