სამინისტრო და „ქართუ" კულტურისა და სპორტის სფეროების მოღვაწეებისთვის გრანტს გასცემს

პუბლიკა

ფონდ „ქართუსთან“ თანამშრომლობით კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ფიზიკური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტის გაცემა იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“  შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. პროცედურის მიხედვით, ხელშეკრულებები მოწონებულ იქნა მთავრობის მიერ და გამოიცა შესაბამისი განკარგულებაც.

საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში სამინისტროს მიეცა თანხმობა კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ფიზიკური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტის გაცემაზე.

განკარგულებაში არაა მითითებული გრანტის მიმღებთა ვინაობა, გრანტის ოდენობა და მიზნობრიობა. „პუბლიკამ” აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით კულტურის სამინისტროს უკვე მიმართა.

„გრანტის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, გრანტი არის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.