„ქართული ოცნების“ იუსტიციის სამინისტრო 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განცხადებას გამოეხმაურა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროპორციული ძალის გამოყენება და შესაბამისად, ევროსასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა.
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მთავრობამ გაითვალისწინა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისის პალატის გადაწყვეტილებით დადგენილი გამოძიების ხარვეზები და დაიწყო შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად.
„აღნიშნული გამოძიების შედეგად 2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. საქმის თაობაზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.
განმცხადებლებს შორის იყვნენ როგორც რიგითი დემონსტრანტები, ისე — ჟურნალისტები. მათ უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“.
დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.
ეს ის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ეფექტიან დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას იმ შემთხვევებში, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანი იქნა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.