სამინისტრო: EMC-ის პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ ეთიკურ სტანდარტებსაც კი

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წარმოდგენილი დოკუმენტი „აბსოლუტურად სპეკულაციურია“, „სრულიად დილეტანტური“ და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში.

„აღსანიშნავია, რომ EMC-ის მიერ ვითომ „მოპოვებული“ ხელშეკრულება რეალურად არის ოფიციალურად გამოთხოვნილი, როგორც საჯარო ინფორმაცია და ამის გაკეთება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია, რადგან ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება არის საჯარო დოკუმენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სრულ მზადყოფნას აცხადებს აუცილებელი განმარტებები პროექტის ირგვლივ მიაწოდოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და გააძლიეროს კომუნიკაცია მოსახლეობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს მიერ მომზადებული საპასუხო დოკუმენტის სრული ვესრია იხილეთ ბმულზე. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს.

EMC-ის შეფასებით, ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“, შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.