სამინისტრო კინოცენტრზე: პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია

პუბლიკა

კულტურის სამინისტრო კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის გამო დაწყებულ პროტესტს ვრცელი განცხადებით ეხმაურება. სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ 5-გვერდიან განცხადებაში საუბარია რეორგანიზაციის მიმდინარეობასა და „სამომავლო რეფორმის“ მიზნებზე; ასევე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიას შესახებ.

განცხადებაში სამინისტრო აკრიტიკებს კინოცენტრის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ და უსაფუძვლოს უწოდებს ცენზურაზე განცხადებებს – „პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც – მომავალში.“ – ვკითხულობთ სამინისტროს წერილში.

სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ სამინისტრომ კინოხელოვნების წარმომადგენლებთან დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრებს გეგმავს, თუმცა ამისთვის „კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით, იყოს ამისათვის მზად და, საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად, საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით.“

სამინისტრო ამავე განცხადებაში კინოცენტრში მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ კობა ხუბუნაიაზე საუბრობს. უწყება მადლობას უხდის რეორგანიზაციის პროცესში მოვალეობის შესრულებისთვის და აღნიშნავს, რომ „ვერც სამინისტროსათვის, ვერც მინისტრისა და ვერც კობა ხუბუნაიასათვის უარყოფითი ეპითეტები ზემოაღწერილი რეფორმის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება.“

სამინისტრო განცხადებაში ცალკე ქვეთავს უძღვნის კინოცენტრის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ. სამინისტრო წერს, რომ 12 ივლისამდე ისინი თანამშრომლებად ირიცხებიან და მიუხედავად იმისა, რომ „ამბოხის მოტივით, არ ასრულებს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, ყველა მათგანი შესაბამის გასამრჯელოს შეუფერხებლად იღებს.“

„არცერთ თანამშრომელს არ ჰქონია და არ აქვს რაიმე სახის შეზღუდვა საკუთარი საქმიანობის განხორციელებასა თუ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით. ამის მაგალითია, თუნდაც, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი ბატონი კონსტანტინე ჩლაიძე, რომელსაც რეორგანიზაცია საერთოდ არ ეხება, ის ამის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ, ტელევიზიების დასანახად, მაინც კარზე აკაკუნებს.

კადრს მიღმა კი, ბატონი კონსტანტინე ჩვეულებრივ შედის კინოცენტრში და აქვს აქტიური კომუნიკაცია ბატონ კობა ხუბუნაიასთან. ასევე გაუგებარია ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომლის, ბატონი ლევან აბდუშელიშვილის კარზე კაკუნი, რომელსაც, ამჟამად არა ერთი, არამედ ერთდროულად ორი პოზიცია უჭირავს კინოცენტრში და ორივე პოზიციაზე სამუშაოდ კინოცენტრის კარი მისთვის კაკუნის გარეშეც ღიაა.

თუმცა, 12 ივლისიდან, მას მოუწევს მხოლოდ ერთ პოზიციაზე მუშაობა გამართული მენეჯმენტის პრინციპიდან გამომდინარე, რაც, სავარაუდოდ, უნდა იყოს მისი გაღიზიანების მიზეზიც. ვფიქრობთ, მსგავსი თანამშრომლების მხრიდან უსაფუძვლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონკურსების გამოცხადება მოხდება კონკრეტული თემების მითითებით, რომ თითქოს კინოცენტრი გახდება ხალხისთვის ჩაკეტილი ორგანიზაცია და მსგავსი მითების ტირაჟირება საკუთარი შეცდომების გადაფარვას უფრო ემსახურება, ვიდრე კინოცენტრსა და ქართულ კინოზე ზრუნვას, რისთვისაც თითოეულ მათგანს მრავალი წელი ჰქონდა.“ – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

მოგვიანებით, სამინისტროს განცხადებას უპასუხა ლევან აბდუშელიშვილმა.

„ორ პოზიციაზე ყოფნა“ საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სახელფასო ფონდის სიმწირიდან გამომდინარეობს. ამის გამო, ჩემსა და კინოცენტრს შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რის შედეგადაც დამემატა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები, რომელთა შესრულება ჰონორარის გარეშე მიწევდა. უფრო ნათლად რომ ჩამოვაყალიბო, ჩემი ორივე პოზიციის გაერთიანებული ჰონორარი, საბოლოო ჯამში, ერთი საშუალო რგოლის მენეჯერის ჰონორარს უტოლდება.

… იმას, რასაც თქვენ რეფორმას და გაჯანსაღებას ეძახით, განვითარებულ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ადამიანების დამცირება ქვია“, – წერს ის.