სამინისტრო კონსილიუმის ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ხედავს - გაბუნია

პუბლიკა

„კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა დროებითი მიზნებისთვის, კონკრეტულად რუსთავის დაწესებულებაში, დღეს ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, იუსტიციის სამინისტრო ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ხედავს“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია სპეციალისტის მიწვევა, ასევე მეორე აზრის მოძიება.

„მას შემდეგ, რაც პაციენტი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. ამ შემთხვევაში უკვე თავად გლდანის დაწესებულებას აქვს იმისი შესაძლებლობა და რეალურად დღეს აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება.

კონსილიუმი იმ ფორმატით, რომელიც მუშაობდა რუსთავის დაწესებულებისთვის… ჩვენი შეფასებით, ამისი საჭიროება დღეს გლდანის სამედიცინო დაწესებულების ფორმატში არ დგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გლდანის სამედიცინო დაწესებულებას არ შეუძლია, მოიძიოს მეორე აზრი, ექსპერტი, შექმნას ადგილზევე კონსილიუმი, თუკი ამის საჭიროება იქნება. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული სამედიცინო პროცესი, ისევე, როგორც ეს მოხდებოდა ნებისმიერ პაციენტთან მიმართებაში, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გლდანის სამედიცინო დაწესებულება, რეგულირების სააგენტოს დასკვნით, C ტიპის მრავლპროფილური კლინიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ არის საკმარისი პირობა ყველა სტანდარტული გაიდლაინის მიხედვით შიმშილობის და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მდგომარეობის მართვისთვის.

„აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე სახით ნეიროქირურგიული, კარდიოქირურგიული ან რამე სხვა ამ ტიპის ჩარევის საჭიროებაზე. არ არის ასეთი საჭიროება და არცერთი სტანდარტული გაიდლაინი არ ამბობს, რომ ამ ტიპის რისკები უნდა იქნას გათალისწინებული მსგავს მდგომარეობაში. ეს გახლავთ სტანდარტული კლინიკა, რომელსაც აქვს ინტენსიური თერაპიის გაწევის საშუალება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.