სამინისტრო: მინისტრმა ამერიკულ მხარეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გააცნო

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლის შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები, აქცენტი გაკეთდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული ინვესტიციების ჩართულობის შესაძლებლობებსა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე.

„მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკულ მხარეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები და მიმდინარე პროგრესი გააცნო.“ – აღნიშნულია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.

ამერიკულმა დელეგაციამ ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომლებსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა 2024 წლის 1 აგვისტოს გაიმარჯვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი 23 მარტს ჩამოვიდა საქართველოში. დღეს სახდეპის წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა ოპოზიციის ალიანსის წევრებთან – ნიკა გვარამიასთან, თინა ბოკუჩავასთან და ლევან ცუცქირიძესთან, ასევე, ლელო-ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანთან, გრიგოლ გეგელიასთან და გახარია-საქართველოსთვის წევრთან, ანა ბუჩუკურთან.

ანაკლიის პორტის შესახებ:

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, 2017 წლის 24 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, 2020 წლის 9 იანვარს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება შეუწყდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა წამოიწყეს.

ამ საქმეზე დაწყებული ორივე საარბიტრაჟო დავა მოსარჩელეებმა წააგეს.

2025 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟმა (ICSID) არ დააკმაყოფილა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანაინვესტორის ბობ მეიერის სარჩელი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 64 მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებას შეეხებოდა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ბობ მეიერს სახელმწიფოსთვის იურიდიული ხარჯების ანაზღაურების, ასევე არბიტრების მომსახურების ანაზღაურების სახით 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

2024 წლის 30 ივლისს ასევე არ დაკმაყოფილდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ძირითადი საარბიტრაჟო დავა.

მთავრობამ პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.

2024 წლის 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად ჩინური კონსორციუმი შეირჩა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავითაშვილი ამბობდა, რომ პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია. ანაკლიის პორტის 51% საქართველოს მთავრობის საკუთრებაში დარჩება, ხოლო 49%-იანი წილის მფლობელი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი იქნება.

მალევე გაირკვა, რომ სამინისტროს მიერ ანაკლიის პორტის ინვესტორად შერჩეული ჰოლდინგი კორუფციული სკანდალებით ცნობილი და აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ იყო.

პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ კონსორციუმში შედიან ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) და China Harbour Investment Pte. Ltd, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული, მაგრამ ამავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის შვილობილია.

ასევე, კონსორციუმის ქვეკონტრაქტორები არიან China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co. 2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული.

თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. თუმცა ხელშეკრულება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამ დრომდე გაფორმებული არაა.