სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნებს გმობს

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„იმ პირობებში, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი – მაჟორიტარული ოლქებიდან. პარტიებს 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

73 საარჩევნო უბანი 17 ოლქშია გახსნილი, მათ შორის, ვლადიკავკაზსა და მოსკოვში.