საქართველოს განათლების სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი საგანმანათლებლო იწყებენ პროექტს – „ტელესკოლა“. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„ტელესკოლა“ საქართველოს „მეორე არხის„ ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.
საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.
გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება. ის ყოველდღე დილის ცხრა საათზე დაიწყება.
ტელესკოლის გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: http://mes.gov.ge/; https://1tv.ge/ და https://stopcov.gov.ge/
სამინისტროს ინფორმაციით, „ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
პროექტის პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.