ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია გრძელდება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. სამინისტროს განცხადებით, გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედი ვაქცინა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და დაახლოებით, 150 000 ადამიანი უკვე აიცრა.
უწყების ცნობით, ქვეყნის ყველა რეგიონში A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს – ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები – რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა, თუმცა „პროცესი სრულად მართულია და ჯანდაცვის სისტემა მზადაა სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად, მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს“.
„საქართველო გრიპის სეზონს მზად ხვდება. ამჟამად, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს. ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები — რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა.
ვირუსი, ძირითადად, სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მიერ იმართება. გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედი ვაქცინა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და დაახლოებით, 150 000 ადამიანი უკვე აიცრა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და უფასოდ ტარდება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიცაა ორსულები, მოხუცები, ბავშვები (6 თვიდან), სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.
დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებით, პროცესი სრულად მართულია და ჯანდაცვის სისტემა მზადაა სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად, მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს“, – ნათქვანია ინფორმაციაში.