სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს

პუბლიკა

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს. სამინისტროს ცნობით, სერტიფიცირების შედეგად მაღალკვალიფიცირებული კადრების მოზიდვა იგეგმება.

სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან – ტესტირება და გასაუბრება.

სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.

ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზას, სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მონიტორინგსა და შეფასებას, სკოლის ადამიანური რესურსების მართვას, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდების, მშობლებთან მუშაობასა და ანგარიშვალდებულებას, ლოგიკურ მსჯელობასა, ინფორმაციის ანალიზსა და სხვა.

ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად მიიჩნევა ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შედეგი შეფასდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა, გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.

ტესტირებამდე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წინასწარ განთავსდება:

• ტესტირების განრიგი;
• ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ – დავალებათა ტიპები და რაოდენობა;
• მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა.