სამინისტრო: სხვადასხვა კინოხელოვანის მიერ მომზადებული პროექტები განვიხილეთ

პუბლიკა

კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ დაწყებული პროტესტის პარალელურად, კულტურის სამინისტრომ კინოს სფეროს იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც პროტესტში არ მონაწილეობენ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრა ეროვნული მუზეუმის შენობაში გუშინ გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამინისტრომ გაავრცელა.

შეხვედრას 20-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ: კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, პროდიუსერი გიგა აგლაძე, კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე და თეატრალური უნივერსიტეტის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხარებავა.

„დღეს, პირველი გაფართოებული შეხვედრის შედეგად სხვადასხვა კინოხელოვანის მიერ მომზადებული პროექტები განიხილეს, რომლებშიც წარმოდგენილია კინოს სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და რეფორმის, არსებული პრობლემების აღმოფხვრის ხედვები და ამ საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალური მიდგომები. დისკუსიისას გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები კინოცენტრის მენეჯმენტთან, ბიუჯეტის განაწილებასთან, კონკურსების ჩატარების წესთან და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის ივნისში კინოს სფეროს წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, რა დროსაც, კულტურის მინისტრმა დარგის სპეციალისტებს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებდა. კინოსთან დაკავშირებული საქმიანი დიალოგისთვის სამინისტრო დაინტერესებულ პირებსა თუ პირთა ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.“ – ვკითხულობთ სამინისტროს გვერდზე.



————————–

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში შრომით ხელშეკრულება 8 ადამიანს შეუწყდა, ორმა კი კინოცენტრი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის მიზნებზე, საჭიროებასა და ამოცანებზე სამინისტროს საზოგადოებისთვის დასაბუთებული ხედვა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა მონაცემებზე და არსებული ვითარების მიუკერძოებელ, ობიექტურ ანალიზს, არ წარმოუდგენია.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა. ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოსპობას და კინოინდუსტრიაში ცენზურის შემოტანას მოასწავებს. კინოცენტრის თანამშრომელთა პოზიციას იზიარებს კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი და უკვე თვეზე მეტია, პერმანენტულ აქციებს მართავენ, ცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლის მოთხოვნით.