სამინისტრო სკოლებს ონლაინსწავლებისთვის ქართულ პლატფორმას, „Feedc Edu”-ს სთავაზობს

პუბლიკა

საქართველოს განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს დღეიდან ონლაინსწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას – „Feedc Edu“ სთავაზობს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პლატფორმა უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი,- მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამორტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობა. სამინისტროში აცხადებენ, რომ პლატფორმის გამოყენება მარტივი იქნება როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. რეგისტრაციის გავლა, მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

სამინისტროში განმარტავენ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი „Feedc Edu“-ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით, ონლაინრეჟიმში გაუწევს დახმარებას. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია, ვებგვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის მეშვეობით გაეცნოს მოხმარების წესებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს Facebook-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი „Feedc Edu“, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სასაწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეჩერებულია.