სამინისტრომ დაიწყო სადამსჯელო ოპერაციები სკოლის დირექტორების წინააღმდეგ - რატიანი

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“  მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლებას ეხმაურება.

დღეს ბრიფინგზე სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ დაიწყო სადამსჯელო ოპერაციები იმ დირექტორების წინააღმდეგ, რომლებიც მათთვის სანდონი არ არიან.

შეხვედრას  საჯარო სკოლების ყოფილი დირექტორებიც ესწრებოდნენ. მე-10 საჯაროს სკოლის ყოფილი დირექტორის, ბელა ხუბუტიას თქმით, სამინისტროს ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ კოდექსს და არის შერჩევითი სამართალი.

„მინდა, მივმართო განათლების სამინისტროს, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ის ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას უნდა ხელძღვანელობდეს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ დასაბუთების გარეშე არ უნდა შეიზღუდოს ადამიანის შრომითი უფლებები და ამვდროულად ისინი უნდა ხელმძღავნელობდნენ საჯარო და კერძო ინტერესებით. ამრიგად, ეს არის შერჩევითი სამართალი.“ – განაცხადა ბელა ხუბუტიამ.

სერგო რატიანის თქმით, თბილისის მასშტაბით სექტემბრის დასაწყისში 110 (177-დან) სკოლის დირექტორს, რომელთაც გაუვიდათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა, შეუწყდათ ხელშეკრულება, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეულ კადრებს ხელშეკრულება გაუგრძელდათ. სკოლის მიღმა დარჩა დაახლოებით დირექტორთა ნახევარი – პროფესიონალი კადრი, მრავალწლიანი გამოცდილებით.

„პროცესი, რომელიც დაიწყო თბილისით, გრძელდება მთელ საქართველოში. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდნენ კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი, თუმცა, ამასთანავე, სკოლები პანდემიის  რთულ პერიოდში აღმოჩნდნენ დირექტორების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ეფექტიანი გადაწყვეტილების  რისკს ზრდის და საფრთხის წინაშე აყენებს საგანმანათლებლო პროცესის გამართულობას“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მისი თქმით, ისინი უართდებიან ყოფილი დირექტორების მოთხოვნას და მიმართავენ განათლების მინისტრს:

  • დაუყოვნებლივ განმარტოს, რის საფუძველზე განახორციელა დისკრიმინაციული ქმედება, რაც გამოიხატა გადაწყვეტილებით, რომ სკოლის დირექტორებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება.
  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსისათვის საჭირო ქმედებები, რათა უმოკლეს ვადაში მიეცეთ შესაძლებლობა სკოლებს, აირჩიონ დირექტორები და სასწავლო პროცესი წარიმართოს ქმედუნარიან გარემოში.

„წლების განმავლობაში ჩვენ სკოლას ჰქონდა მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები,  რაც მოუგვარებელი დარჩა. სამინისტროსთან მქონდა ეფექტიანი კომუნიკაცია, თუმცა დღეს კრიზისულ მდგომარეობაში სკოლას სჭირდება ეფექტიანი მართვა, ხოლო სამინისტრომ უკანონოდ, დაუსაბუთებლად გამათავისუფლა როგორც მე, ისე სხვა სკოლის დირექტორები“, – განაცხადა ია აბუაშვილმა, 209-ე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა.