სამინისტრომ ეროვნულ მუზეუმში 105 ადგილზე სტაჟირების ვაკანსია გამოაცხადა

პუბლიკა

კულტურის სამინისტროსა და დაქვემდებარებულ 22 ორგანიზაციაში 252 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა, – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ვაკანტურ პოზიციათა ჯამური რაოდენობა 252-ია, საიდანაც 105 საქართველოს ეროვნული მუზეუმშია.

„ჩვენს მუზეუმებში იშვიათი და ხელზე ჩამოსათვლელი იყო ის შემთხვევები, როდესაც ახალი კადრები მოდიოდნენ კონკურსით, ძირითადად, ჩვენს მუზეუმებში ახალი კადრები მოდიოდნენ ახლობლობით, ნათესაობით და მეზობლობით. მე დიდი სურვილი მაქვს, ეს დავასრულოთ, ვინაიდან ჩვენ ვკარგავთ ძალიან დიდ პროფესიულ რესურს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს სისტემის განახლებას. მისი თქმით, წინა თაობის წარმომადგენლებმა ახალ თაობას უნდა გაუზიარონ გამოცდილება.

„ეს პროცესი მრავალი წელია, შეწყვეტილია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც ახალგაზრდები უნდა შემოვუშვათ სხვადასხვა თანამდებობაზე ჩვენი სამინისტროს აპარატში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კულტურის სამინისტრო ახალგაზრდა სპეციალისტებს „შეუქმნის დამოუკიდებელ სამუშაო გარემოსა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისთვის საჭირო პირობებს“.


კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ კულტურის სამინისტროსა და მის ქვეუწყებებში რეორგანიზაცია დაიწყო, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა პროტესტი მოჰყვა.

ყველაზე რეზონანსული ეროვნული მუზეუმიდან მეცნიერებისა და სხვა დასაქმებულების გათავისუფლება იყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ კვალიფიკაციის დამდგენმა კომისიამ გასაუბრება პროფესიული ნიშნით არ ჩაატარა. კომისიას წულუკიანის წარმომადგენელი – ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი ხელმძღვანელობდა, შეკითხვები კი ძირითადად დასაქმებულების პოლიტიკურ გემოვნებასა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს შეეხებოდა.

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულებმა პროფკავშირი შექმნეს და ისინი სასამართლოში კოლექტიურ დავას აპირებენ; მოითხოვენ გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას და ხელფასების 100%-ით გაზრდას.